ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის წუხს აშშ-ის გადაწყვეტილების გამო, რომელიც ევროპიდან ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე ტარიფების დაწესებას გულისხმობს.
„ღრმად ვწუხვარ აშშ-ის გადაწყვეტილების გამო ევროპიდან ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე ტარიფების შემოღების თვალსაზრისით. ევროკავშირი საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დაცვისთვის იმოქმედებს. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მუშებს, ბიზნესს და მომხმარებელს“, – დაწერა მან.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ქვეყანაში შემავალ ფოლადსა და ალუმინზე იმპორტის 25%-იანი გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს. ტრამპის თქმით, ტარიფი ეხება ყველა ქვეყანას, გამონაკლისის გარეშე, მაგრამ მან მოგვიანებით განაცხადა, რომ განიხილავს გამონაკლისს ავსტრალიისთვის, რადგან მას სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო აქვს.