უკრაინას რუსეთთან ომში 2022 წლიდან დღემდე 46 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაეღუპა, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუს დროს.
„ჩვენ დავაფიქსირეთ დანაკარგები: 46 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. აგრეთვე, დღეს ჩვენ გვყავს ათეულობით ათასი უგზო-უკვლოდ დაკარგული და ტყვედ ჩავარდნილი. გადაჭრით ამის თქმა არ შეიძლება, ვინაიდან დაკარგულები, შესაძლოა, გარდაცვლილები ან ტყვედ ჩავარდნილები იყვნენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან აგრეთვე დასძინა, რომ დაახლოებით 380 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი ფრონტზე დაიჭრა. ზელენსკის თქმით, 19,5 ათასი უკრაინელი ბავშვი რუსების მიერ გადაყვანილია რუსეთში.
ამასთან ერთად, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენი სამოქალაქო პირი დაიღუპა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიაზე.
„დეოკუპირებულ ქალაქებში ჩვენ აღმოვაჩინეთ მასობრივი სამარხები. ისინი [რუსები] მასობრივ დახვრეტას და წამებას ეწეოდნენ ქალაქებში, სადაც მოსახლეობა რამდენიმე ათასს აღწევდა. ერთ-ერთ სამარხში, სადაც რუსული ოკუპაცია იყო, ჩვენ 500 ნეშტი აღმოვაჩინეთ“, – აღნიშნა მან.