ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უკრაინის მოგუდვის გეგმას ამხელს და წერს, რომ ამერიკა უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტიდან უფრო მეტ წილს ითხოვს, ვიდრე გერმანიას რეპარაციების სახით პირველი მსოფლიო ომის შემდეგ.
გამოცემის მტკიცებით, საქმე ეხება იშვიათი წიაღისეულის მოპოვებას უკრაინაში. საუბარია 500 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებაზე. ამერიკის ამ შეთავაზებამ კიევი პანიკაში ჩააგდო.
როგორც The Telegraph-ის მიერ მოპოვებული მასალებიდან ირკვევა, აშშ სთავაზობს უკრაინას წიაღისეულის მოპოვების შედეგად მიღებული შემოსავლის 50% ვაშინგტონს გადაურიცხოს. ამერიკა აგრეთვე აპირებს, რომ უკრაინის მიერ მესამე ქვეყნისთვის გაცემული ლიცენზიებიდან მიღებული შემოსავლის 50% წაიღოს.
„ეს ნიშნავს, ჯერ ჩვენ გადაგვიხადეთ, ხოლო შემდეგ თქვენი ბავშვები გამოკვებეთ“, – ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ რესპონდენტს.
როგორც The Telegraph-ის სტატიაშია აღნიშნული, წიაღისეულის მოპოვების შესახებ იდეა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ეკუთვნის. ზელენსკიმ პირველად ის გასული წლის სექტემბერში ტრამპთან ამერიკაში შეხვედრის დროს გააჟღერა. ამით ზელენსკი ფიქრობდა, რომ ამერიკელების მუშაობა უკრაინაში პუტინს განმეორებით თავდასხმაზე უარს ათქმევინებდა.
გარდა წიაღისეულისა ამერიკელების შეთავაზება გულისხმობს ფინანსური კონტროლის დამყარებას უკრაინულ პორტებზე, ნავთობსა და გაზზე.