იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, რომელიც პარიზში ევროპელი ლიდერების სამიტში მონაწილეობდა, შეხვედრას „ანტიტრამპისტული“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური სააგენტო „ანსა“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, მელონი შეხვედრაზე ბოლოს მივიდა, როდესაც მოლაპარაკებები უკვე ერთი საათის დაწყებული იყო.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ იტალიის პრემიერ-მინისტრი არ დაეთანხმა სამიტის წინადადებებს და მიწვეულთა სიას.
მელონის თქმით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღების ერთადერთი ადგილი ბრიუსელი უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ არ შეიძლება, შეხვედრები „ანტიტრამპისტულ ფორმატში“ ტარდებოდეს.
„აშშ მშვიდობის მიღწევაზე მუშაობს და ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი როლი“, – განაცხადა მელონიმ.
იტალიის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ, კიევისთვის ადეკვატური „უსაფრთხოების გარანტიების“ გარეშე, ნებისმიერი მოლაპარაკება ჩაშლის რისკის ქვეშ დგას.
მედია წერს, რომ მელონიმ მოუწოდა „სხვა გზების შესწავლისკენ“ და, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატების ჩართვისკენ. როგორც ჯორჯია მელონიმ აღნიშნა, „ევროპული და ამერიკული უსაფრთხოება ევროატლანტიკურ კონტექსტს ემყარება“.
ცნობისთვის, პარიზში 17 თებერვალს საგანგებო სამიტი გაიმართა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მას შემდეგ მოიწვია, რაც დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთისა და უკრაინის საკითხებში კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შტატები რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპას ვერ ხედავს.