ისრაელში რამდენიმე ავტობუსი აფეთქდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, პოლიციამ თელ ავივის გარეუბანში გაჩერებული ავტობუსების შემოწმება დაიწყო მას შემდეგ, რაც რამდენიმე ცარიელი ავტობუსი აფეთქდა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სამართალდამცავების შეფასებით, ეს „სავარაუდო ტერორისტულ აქტს“ წარმოადგენს.
ისრაელის მედიის ცნობით, ავტოსადგომებზე სამი ცარიელი ავტობუსი აფეთქდა, ხოლო კიდევ ორ ავტობუსზე ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს.
„პოლიციის ძალები იმყოფებიან შემთხვევის ადგილებზე და ეძებენ საეჭვო პირებს“, – აცხადებენ სამართალდამცავები.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს ინფორმაციას აწვდიან და ის მალე უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასების მიზნით თათბირს გამართავს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გაიცა მითითება, რომ ყველა ავტობუსი და მატარებელი გაჩერდეს და შემოწმდეს.