ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სამტრედიაში შპს „იმერეთი გრინერის“ ახალი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა. ვიცე–პრემიერთან ერთად სამტრედიაში საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და სხვა სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამტრედიაში „იმერეთი გრინერის“ ახალი გაფართოებული პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მაღალტექნოლოგიური მინის 16,000 მ2 ფართობის სათბურის მშენებლობა დასრულდა და პირველი მოსავლისთვის ემზადება.
,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასათბურე მეურნეობების განვითარება. ეს სათბური აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რისთვისაც, საბოლოო ჯამში, განხორციელდა 4.2 მლნ. ევროს ინვესტიცია. ჩვენ მივიღეთ 16 000 კვ, მ. ფართობის თანამედროვედ აღჭურვილი სათბური და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ წარმოებული პროდუქციის ფასი ძალიან კონკურენტუნარიანი იქნება. ახალ სათბურს აქვს კიდევ ათასი ტონა პროდუქციის გამოშვების შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ექსპორტისთვის. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი კერძო და საჯარო პარტნიორობის, კომპანიას აქვს სახელმწიფოს წინაშე აღებული საინვესტიციო ვალდებულებები, რაც წარმატებით სრულდება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „იმერეთი გრინერი“ ჰოლანდიურ-ქართული საწარმოა. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 4,2 მლნ. ევროა. პროექტის პარტნიორია ჰოლანდიური კომპანია Food venture B.V , საპარტნიორო ფონდი, „თიბისი ჯგუფი“ და Georgian Fresh holding B.V, რომელმაც სასათბურე მეურნეობის განვითარების ოპერირების მიზნით „შპს იმერეთი გრინერი“ დააფუძნა.
სათბურში ამჟამად დასაქმებულია 23 ადამიანი, ხოლო გაფართოების დასრულების შემდგომ მათი რიცხვი 50-მდე გაიზრდება.
,,იმერეთი გრინერის“ წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიამ წარმატებით დაიწყო სალათის ფურცლის წარმოება ქართულ ბაზარზე და ახლა მომხმარებლებს სხვადასხვა სახეობის მაღალი ხარისხის ბოსტნეულს სთავაზობს. „იმერეთი გრინერი“ აწარმოებს ჯანსაღ ქართულ პროდუქციას თანამედროვე ჰოლანდიური ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით.
ახალი 16,000 მ2 სათბური დაყოფილია სამ ბლოკად. თითოეული ბლოკს აქვს საკუთარი კონკრეტული კლიმატის კონტროლი, ვენტილაცია, გათბობა და სარწყავი სისტემა.
სათბური ყველაზე თანამედროვეა კავკასიაში – უახლესი ჰოლანდიური დიზაინით და იყენებს Philips LED განათების სისტემას, რაც მდგრადი და ეფექტურია, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.
გათბობის წყაროდ კომპანია იყენებს გეოთერმულ წყლებს, წყაროს, რომელიც საკმარისია სასათბურე მეურნეობის სრულად უზრუნველსაყოფად. მეორადი სარწყავი წყალი გროვდება და იფილტრება UV სისტემის საშუალებით.
ეს ყველაფერი სათბურის ფუნქციონირებას ძალიან ეფექტურს ხდის, რაც საშუალებას იძლევა, რომ კომპანიამ აწარმოოს მაღალი ხარისხის ბოსტნეული საქართველოსთვის და მომავალში ექსპორტზე გაიტანოს მეზობელ ქვეყნებში. გაფართოებული წარმოებით კომპანია პროდუქციის წარმადობას ხუთჯერ გაზრდის.
დიმიტრი ქუმსიშვილი იმერეთში მაღალტექნოლოგიური სათბურის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
2016/05/31 20:21:05
კომენტარები
ნანახია: 2122 ჯერ