საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, ქასიმ მოჰიუდინს შეხვდა (რეზიდენციით ქ. ბაქო). მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და პაკისტანის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების აუცილებლობას, მათ შორის, საქმიანი წრეების დაახლოებისა და საინვესტიციო მიმართულებებით პარტნიორობის გააქტიურების პერსპექტივებს. მხარეები შეეხნენ განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხს. პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა ტურიზმი.
შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატში თანამშრომლობის დაწყებას და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთმხარდაჭერას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სხვადასხვა დონეზე ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები გლობალური უსაფრთხოების საკითხებსა და მიმდინარე გამოწვევებზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა პაკისტანის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.