კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ 10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებისთვის გამოაცხადა. კონკურსი მოზარდებში ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის, ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად.
„ნამდვილი თუ მოგონილის?!“ წესების თანახმად, მონაწილეებმა უნდა აღმოაჩინონ მედიაში, მათ შორის – ინტერნეტში, ტელევიზიასა თუ ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ დადასტურებულა, როგორც ყალბი. რის შემდეგაც, სასურველი ფორმატით უნდა წარმოადგინონ ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები. კონკურსის ფარგლებში გამოგზავნილ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და სამ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელთაც კომუნიკაციების კომისია iPhone 16 Pro-ს, MacBook Air-სა და iPad Air-ს გადასცემს.
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი“ უკვე თერთმეტჯერ, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებისთვის – შვიდჯერ, ხოლო სტუდენტებისთვის ოთხჯერ წარმატებით ჩაატარა. საგულისხმოა ისიც, რომ ComCom-მა პროექტის ფარგლებში 2400-ზე მეტი მოსწავლე და 900 სტუდენტი მედიაწიგნიერებაში გადაამზადა.
კონკურსის წესების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.