„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ლობისტებმა გადაწყვიტეს, რომ როდესაც პრიორიტეტი დღეს მოქმედი ადმინისტრაციისთვის არის ამ დამანგრეველი ომის შეჩერება, უნდათ, რომ საკენკი მისცენ სრულიად განულებულ აგენტურულ ქსელს, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ წარმოადგენს, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ „მეგობარ აქტზე“, რომელსაც აშშ-ის კონგრესი განიხილავს და კონკრეტული პირების დასანქცირებას ითვალისწინებს.
წამყვანმა ჰკითხა, რა პროგნოზი აქვს „ქართულ ოცნებას“ იმ ფონზე, როდესაც ამერიკაში „მეგობარი აქტის“ განხილვა კვლავ გააქტიურდა.
„კონკრეტული სენატორების დაინიციირებული „მეგობარი აქტი“ რეალურად არის „უმადური აქტი“ – ყველაზე სამართლიანად რაც შეიძლება დაერქვას. ამ სენატორების სახელი და გვარები აქ [საქართველოში] მოქმედ ვითომ ოპოზიციონერებზე უკეთ იცის ქართულმა საზოგადოებამ. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია დაკავებულია ყველაზე მთავარი პრობლემის გადაჭრით, რასაც ჰქვია დამანგრეველი ომის შეჩერება ევროპის შუაგულში. „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ლობისტებმა გადაწყვიტეს, რომ როდესაც პრიორიტეტი დღეს მოქმედი ადმინისტრაციისთვის არის ამ დამანგრეველი ომის შეჩერება, უნდათ, რომ საკენკი მისცენ სრულიად განულებულ აგენტურულ ქსელს, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ, სერიოზულად ჩვენი მხრიდან ეს [„მეგობარი აქტი“] არ აღიქმება. რაც შეეხება ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულებას ლობიზმით ანგაჟირებულ აქტებთან, ამასაც დავაკვირდებით“, – აღნიშნა კირცხალიამ.