ბოლო სამი წელი ყოველდღიური ჭიდილია ომსა და მშვიდობას შორის. ბევრს უნდოდა, რომ ეს ზღვარი გადაგველახა. თუმცა, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით, საზოგადოების სიბრძნითა და საქართველოს ხელისუფლების სიმტკიცით საქართველომ მშვიდობა შეინარჩუნა, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
მისივე თქმით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების შედეგად ქვეყანას კიდევ ჰყავს 2 000-მდე უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო და სამოქალაქო პირი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ოჯახს მიეცეს საშუალება, დაიტიროს საკუთარი ოჯახის წევრები.
ამასთან, პაპუაშვილმა ბოლო წლებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა, რომელიც უკრაინაში ომს უკავშირდებოდა.
„ასეთ მომენტებში ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს იარებზე, რომელიც 3 ათეული წლის წინ გაგვეხსნა და რომელიც თავს ყოველდღიურად გვახსენებს. ამავე დროს გვახსენებს, თუ რა ვიწროა ზღვარი მშვიდობასა და ომს შორის. ამას ჩვენ განსაკუთრებით ბოლო სამი წელი ვაკვირდებით რეგიონში. ვხედავთ იმ ტრაგედიას, რომელიც უკრაინაში ტრიალებს. ვხედავთ ახალ მგლოვიარე ოჯახებს და ჩვენს საზოგადოებასაც ესმის ის, რომ ამ ზღვართან ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში. ბევრს უნდოდა, რომ ჩვენთვის ებიძგა და ეს ზღვარი გადაგველახა და ჩვენი ქვეყანა კვლავ მგლოვიარე ქვეყნად ქცეულიყო, მაგრამ საზოგადოება დადგა მტკიცედ. არ ავყევით, არავის ყალბ, ცრუ მოწოდებებს. ვნახეთ ჩვენ მხოლოდ ერთი მარგინალური ჯგუფი ჩვენი მოქალაქეებისა, რომელიც სამი წლის წინა ამ დღეებში მოითხოვდნენ, რომ მოხალისეების გაგზავნით, იარაღის მიწოდებით, საზღვრების ჩაკეტვითა და ასე შემდეგ საქართველო პირდაპირ თავით გაქანებულიყო ხელახალ ომში და აქ ყოფილიყო მეორე უკრაინა.
ვხედავთ, რომ ეს მარგინალური ჯგუფი დღესაც თავს ახვევს თავის დღის წესრიგს საზოგადოებას ისევ და ისევ იმ თავისი უცხოელი პატრონების დავალებით, რომლებიც მაშინ ვხედავდით, როგორ შეხმატკბილებულად და სინქრონში მოქმედებდნენ. 3 წლის წინ ცალკე პარლამენტთან იმართებოდა აქციები მოხალისეების გაგზავნის, საზღვრების დაკეტვის, იარაღის გაგზავნის მოთხოვნით და ასე შემდე. ასევე ვხედავდით გარედან – უკრაინის პრეზიდენტი ერთვებოდა და ახალისებდა ზუსტად იმას, რომ გავქანებულიყავით თავით კონფლიქტში, ხან უკრაინის პრემიერ-მინისტრი, რომელიც მოუწოდებდა მოქალაქეებს, რომ მთავრობასთან მისულიყვნენ და მოხალისეების გაგზავნა მოეთხოვათ; ხან ღია და ხან დახურულ კაბინეტებში საუბრების დროს. ამას გადაურჩა საქართველო სამი წლის წინ და ეს მიმდინარე პროცესი იყო 3 წლის განმავლობაში.
დღეს ვხედავთ, რომ არის იმედები, რომ მშვიდობა დადგება უკრაინაში. თუმცა, ბოლო სამი წელი ყოველდღიური ჭიდილია ომსა და მშვიდობას შორის. ბევრს უნდოდა, რომ ეს ზღვარი გადაგველახა. თუმცა, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით, საზოგადოების სიბრძნითა და საქართველოს ხელისუფლების სიმტკიცით საქართველომ მშვიდობა შეინარჩუნა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.