„ნაცმოძრაობა“ ხავსს ეკიდება, ახლა ცდილობენ, ლობისტური კომპანიების საშუალებით შეასაღონ საკუთარი ტყუილები საზოგადოებას, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილს კითხვა დაუსვეს ნიკა გილაურის კომპანიის მიერ აშშ-ში ლობისტური კომპანიის დაქირავების თაობაზე.
„ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოში გამჭვირვალობის ისეთი საკანონმდებლო სივრცე არსებობდეს, როგორიც ამერიკაში მოქმედებს. ნიკა გილაური საზოგადოებას ატყუებს, რომ პოლიტიკისგან დაცლილია, არ ერევა, თუმცა ლობისტურ კომპანიას ქირაობს და 600 ათასს დოლარს იხდის. ამ კომპანიამ რა უნდა გააკეთოს ? რაში უნდა გაუწიოს ლობირება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რის და ვის მოტყუებაში გაუწიოს დახმარება გილაურს და აგენტურას, რომელიც საქართველოში მოქმედებს? მათი მცდელობა მეტყველებს ერთ მარტივ ჭეშმარიტებაზე – „ნაცმოძრაობა“ ხავსს ეკიდება, რადგან მათი რეიტინგი ნულოვანია. უცხოეთიდან, საიდანაც მაშველი რგოლები მოსდიოდათ, პრობლემები აქვთ და ახლა ცდილობენ, ლობისტური კომპანიების საშუალებით შეასაღონ საკუთარი ტყუილები საზოგადოებას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანიამ 600 000 დოლარად აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა.