აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება. ფინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ტრამპს დღეს დაელაპარაკება. ზელენსკი ასევე გარანტიების მიღებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა უკრაინის გარეშე მოლაპარაკება არასწორია.
“დღეს მექნება საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან. განვიხილავთ შემდგომი ნაბიჯების დეტალებს. ჯიდაში ჩვენი გუნდების შეხვედრა ნამდვილად ძალიან კარგი იყო და მიმაჩნია, რომ ყველაფერი სწორად მიდიოდა, რომ არა რუსეთი, რომელიც, როგორც ყოველთვის, უკმაყოფილოა, როცა რაღაც სწორად ხდება.
ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი მომიყვება პუტინთან თავისი საუბრის დეტალებს. მას შემდეგ, რაც პუტინმა ტრამპს უთხრა რომ, თითქოს, ბრძანებას გასცემს, შეწყვიტოს დარტყმები უკრაინის ენერგეტიკაზე, ღამის განმავლობაში 150 დრონი გაუშვეს, მათ შორის, ენერგოობიექტებზე.
პუტინის სიტყვები ძალიან განსხვავდება რეალობისგან. ჩვენთვის წითელი ხაზია უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის საკუთრებად აღიარება. ამას არ დავთმობთ,” – აცხადებს ზელენსკი.