ნიკა გილაურის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტური კომპანიის დაქირავების საკითხს, მმართველ გუნდში ეხმიანებიან.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ასეულობით ათასი დოლარი საქართველოს წინააღმდეგ იხარჯება.
„ეს ადამიანები მილიონობით დოლარს იხდიან ლობისტებში იმისთვის, რომ საქართველო დააზიანონ და ჩვენი ქვეყნის მიმართ დეზინფორმაცია და ტყუილი გაავრცელონ. იქნება ეს კეზერაშვილი თუ გილაური, სინამდვილეში ეს არაფერს არ ცვლის. ისინი ერთ მიზანს ემსახურებიან. უბრალოდ, მოღალატეთა უცნაური კლასტერი ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ღალატში აქეთ იხდიან ასობით ათას, ზოგჯერ მილიონობით დოლარს. როგორც არ უნდა იმართლონ თავი, რა თქმა უნდა „ფარა“ მაღალი სტანდარტით იცავს გამჭვირვალობას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ექვს თვეში ექვსასი ათასი დოლარი – ნიკა გილაურმა ლობისტური კომპანია დაიქირავა. დოკუმენტები ამერიკულ „ფარაზეა“ გამოქვეყნებული. კონტრაქტი გაფორმდა 20 თებერვალს, დაქირავებულმა კომპანიამ კი უნდა უზრუნველყოს კონსულტაციები სამართლებრივ, პოლიტიკურ და კომუნიკაციის სტრატეგიებზე. ლობისტური კომპანიის დაქირავების ფაქტს ადასტურებს ნიკა გილაური.