„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი ბიზნესმენ, ბესო ხარძიანის შვილის მიერ დასახელებულ ყოფილ გლდანის ციხის დირექტორზე, ალექსანდრე მუხაძეზე, მეტსახელად “ქილერა”, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, 2022 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მხრიდან შეიარაღებული შემოტევიდან მეორე დღეს, ზურაბ ადეიშვილის ძალისხმევით, ომში გახვეულმა უკრაინამ მოიცალა ალექსანდრე “ქილერა” მუხაძესთვის და მას საქართველოდან პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა, რამაც გამორიცხა ამ ჯალათის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების წამოწყება.
მისივე თქმით, ეს არის მორიგი რეალური სახე ამჟამინდელი კიევის ანტიქართული რეჟიმის, რომლებმაც ღიად გადააქციეს საკუთარი ტერიტორია საქართველოდან გახიზნული კრიმინალებისა და ჯალათების თავშესაფარ პლაცდარმად.
„დღეს საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია “2003-2012”-ის წინაშე გამოიკითხა ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შვილი, რომელიც წარმოადგენს იმ წლებში მოქმედი კრიმინალური რეჟიმის სისტემური დანაშაულის თვალსაჩინო მსხვერპლს, რომლის ოჯახის ტრაგედია იმ წლებში ასობით, თუ არა ათასობით განვითარებული ტრაგედიების იდენტურია.
როგორც ბესო ხარძიანმა (უმცროსმა),კომისიის წევრებთან საუბრისას აღნიშნა, გლდანის ციხის იმდროინდელი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად “ქილერა”, მამამისის წინააღმდეგ მოქმედებდა გიორგი უდესიანის დავალებით. ხარძიანის თქმით, “ქილერას” ბრძანებით, ორ პატიმარს დაევალა დაკავებული ბიზნესმენის წამება, არაადამიანური მოპყრობა და ფსიქოლოგიურად გატეხვა, დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, თავად ამ პატიმრებს პირადად მუხაძე გაუპატიურებით ემუქრებოდა.
ბესო ხარძიანის თქმით, “ქილერა” იყო “ადამიანი”, რომელიც ტყვიის გარეშე კლავდა, აწამებდა ადამიანებს ციხეში და ამის უამრავი ფაქტი არსებობს. გიორგი უდესიანის მიზანი იყო კუს ტბაზე არსებული მამამისის კუთვნილი წილები იძულების წესით მიეღო და ამ მიზნის მისაღწევად ციხის მანქანა ჩართო: “საკანში შესვლა, თავში ჩარტყმები – ეძინა მას თუ ეღვიძა, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, “კარანტინში” ორკვირიანი წამება, საქმის ვითომ გარჩევები და სხვა მსგავსი ფაქტები”. ეს იყო საქართველოს “საკონცენტრაციო ბანაკად” გადამქცევი რეჟიმის “არქიტექტორის”, ზურაბ ადეიშვილის სისტემა, რომელიც ქვეყნიდან გაქცევის შემდეგაც “კრუხივით” პატრონობდა თავის საყვარელ ჯალათებს.
2022 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მხრიდან შეიარაღებული შემოტევიდან მეორე დღეს, ზურაბ ადეიშვილის ძალისხმევით, ომში გახვეულმა უკრაინამ მოიცალა ალექსანდრე “ქილერა” მუხაძესთვის და მას საქართველოდან პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა, რამაც გამორიცხა ამ ჯალათის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების წამოწყება. ყოველივე ეს კი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წამებისათვის მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის II ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებდა.
უკრაინის სააპელაციო სასამართლოს რეესტრის ამონაწერიდან შევიტყვეთ, რომ “ქილერას” საიმიგრაციო საქმის განხილვა დაიწყო 2022 წლის 26 იანვარს, ხოლო ალექსანდრე მუხაძისთვის მინიჭებული, საქართველოდან პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი კანონიერ ძალაში შევიდა ერთი თვის შემდეგ – 25 თებერვალს. თავის გადაწყვეტილებაში სასამართლომ იხელმძღვანელა მუხაძის ჩვენებით – რომ სამშობლოში იგი “იდევნებოდა” თავისი “ანტირუსული შეხედულებების გამო”, ასევე (როგორც ყოფილი ძალოვანი) ქართველი ოლიგარქებისა და კრიმინალიტეტის მხრიდან “განიცდიდა ზეწოლას” და გარდა ამისა, გადიოდა ფიგურანტად მის მიმართ “ფაბრიცირებულ” სისხლის სამართლის საქმეებში.
ეს არის მორიგი რეალური სახე ამჟამინდელი კიევის ანტიქართული რეჟიმის, რომლებმაც ღიად გადააქციეს საკუთარი ტერიტორია საქართველოდან გახიზნული კრიმინალებისა და ჯალათების თავშესაფარ პლაცდარმად. ეს არის ჩვენთან “ცალმხვრივი მეგობრობის” რეჟიმში მყოფი ქვეყანა, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს ნგრევისა და განადგურების მიუხედავად, აქტიურად იყო და არის ჩართული საქართველოს “მაიდანიზაციის” ორგანიზება/დაფინანსებაში და უამრავი ძებნილის და დაუსწრებლად მსჯავრდებულების “დასაწყობებაში”. ეს არის “საზღვრებს გარეთ გასული კოლექტიური სანაცეთი” და ის “კართაგენი”, რომელიც აუცილებლად უნდა დაიმსხვრეს“, – წერს დავით ქართველიშვილი.