ევროკავშირის ელჩმა საქართველოში გასცეს პასუხი კითხვას, იცოდა თუ არა მან, რომ „ენჯეოებს“ სტრასბურგში არ ჰქონდათ მოთხოვნილი დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილს ასევე აინტერესებს, თუ ეს ინფორმაცია იცოდა ევროკავშირის ელჩმა, რატომ უმალავდა ამას საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მოსახლეობას.
„სხვათა შორის, ეს სკანდალური ინფორმაციაა, რომელიც ექვსი თვის თავზე, როგორც იქნა გავიგეთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგან. როგორც გახსოვთ, მე თავის დროზე საჯაროდაც მოვუწოდებდი მათ, რომ გაეცათ პასუხი კითხვაზე, ითხოვდნენ თუ არა სტრასბურგის სასამართლოსგან, ისევე, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგან „გამჭვირვალობის კანონის“ დროებით შეჩერებას მანამ, სანამ მიმდინარეობს განხილვა. ამ პასუხს გაურბოდნენ და ექვსი თვის თავზე, როგორც იქნა აღიარეს, რომ თურმე, აღმოჩნდა, რომ არც კი მოუთხოვიათ. ეს მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო მათი სარჩელი განსახილველად, „გამჭვირვალობის კანონი“ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის ქვეშ არის, თუმცა არ დააკმაყოფილა დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება. ამას მოჰყვა თავდასხმა ექსტრემისტი პოლიტიკოსების და ექსტრემისტი „ენჯეოების“ მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოზე. შეგახსენებთ, რომ მოღალატეებს უწოდებდნენ სოროსის ფონდის წარმომადგენლები, „ისფედი“, თვითონ საია-ს წარმომადგენლებიც თავს ესხმოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს იმის გამო, რაც საბოლოო ჯამში თვითონ აღიარეს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა კანონის შეჩერების. რას გვეუბნება ეს ყველაფერი. პირველი, რომ საია და ის ასი უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეო“, რომელიც არის ავტორი ამ სარჩელისა, თავად აღიარებენ, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ რაიმე მყისიერ რისკებს თუ საფრთხეებს არ წარმოშობს მათთვის. თავადვე აღიარეს, როცა ის არ მოითხოვეს და ამავე დროს, აღიარეს, რომ ეს რომ მოეთხოვათ, მიიღებდნენ უარს სტრასბურგის სასამართლოდან. ამიტომაც არ მოითხოვეს. ამის საპირწონედ კი საქართველოში მოითხოვეს ის, რაც თავადაც იცოდნენ, რომ არ ეკუთვნოდათ და როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ სრულიად სამართლიანად არ დააკმაყოფილა მათი ეს მოთხოვნა, საკონსტიტუციო სასამართლო გახადეს თავდასხმის ობიექტი.
მე კითხვები უცხოეთიდან მართულ „ენჯეოების“ მიმართ უკვე დიდი ხანია აღარ მაქვს. ამ შემთხვევაში კითხვა არის მათი დონორების მიმართ. მათ შორის, საია ფინანსდება ბრიუსელიდან. ასე, რომ ეს ექვსთვიანი თავდასხმა საკონსტიტუციო სასამართლოზე და ძირის გამოთხრა სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ ყველაფრის უკან დგას ბრიუსელის ფული. ამიტომ, პასუხი იმ კითხვებზე, თუ რატომ ხდებოდა პროპაგანდისტული მეთოდებით, დეზინფორმაციით საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოზე თავდასხმა, გასაცემი აქვს საქართველოში ევროკავშირის ელჩს, ბატონ ჰერჩინსკის. მისი დაფინანსებულია ეს „ენჯეოები“ და მან უნდა გასცეს პასუხი. მან დიდი ალბათობით ძალიან კარგად იცოდა, როგორც სხვა დროს გავარკვიეთ, პარალელური დათვლასთან დაკავშირებით, რომ მე ვერ დავუშვებ იმას, რომ მან არ მოიკითხა ამ „ენჯეოებში“ იმიტომ, რომ ეს იყო მთავარი საკითხი მაშინ, გახსოვთ. მთელი პანიკა აწიეს, რომ კანონი არ შეაჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ. დარწმუნებული, ვარ ბატონმა ჰერჩინსკიმ იცოდა, რომ მათ არ ჰქონდათ კანონის შეჩერება მოთხოვნილი სტრასბურგში. ისიც კარგად იცოდა, რომ ჩვენ ამ პასუხს ველოდით და გვაინტერესებდა საქართველოს პარლამენტს, რომ იმის ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავს ესხმოდნენ, კანონის არ შეჩერების გამო ითხოვდნენ თუ არა კანონის შეჩერებას. ეს იცოდა ბატონმა ჰერჩინსკიმ. ამაში დარწმუნებული ვარ და ამას უმალავდა ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას. ამიტომ, ახლა პასუხი გასაცემი აქვს ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, იცოდნენ მათ თუ არა, რომ ამხელა კამპანია, რომელიც ასევე მათი ფულით იყო დაგეგმილი და განხორციელებული, გასაჩივრებებს ვგულისხმობ, იყო საბაბი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე პიროვნული თავდასხმებისა, იცოდა თუა რა მან, რომ საიას არ ჰქონდა მოთხოვნილი სტრასბურგში კანონპროექტის შეჩერება და თუ იცოდა, რატომ მალავდა ამ ყველაფერს“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმა მოხდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრზე და შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტზეც.
„ეს იყო შეურაცხყოფა, თავდასხმა, ზიზღის ენა, ყველაფერი ის, რასაც ვითომ გვიმტკიცებენ, რომ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ვნახეთ, რომ რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის ელჩი მისული იყო მხარდაჭერის გამოსახატად ამ ორგანიზაციაში. ერთი არ ჩათვალა საჭიროდ, რამენაირად შეეფასებინა, როდესაც ამ ორგანიზაციის ქალი ხელმძღვანელი, ქალთა უფლებების დამცავი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქალ მინისტრზე და ქალ ჟურნალისტზე ამ ტერმინებს იყენებს, რომელიც ჩვენ ვნახეთ. საფრანგეთის ელჩის ეს დუმილი არის წახალისება ძალადობრივი რიტორიკისა, რომელიც შემდეგ უკვე ძალადობაში გადაიზრდება ხოლმე. მე პირადად, კითხვები მაქვს მხოლოდ დონორების მიმართ. არც „საფართან“, არც საია-სთან, არც „ისფედთან“, კითხვები არ არსებობს. დონორებმა გასცენ პასუხები. კერძოდ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გასცეს პასუხი კითხვას, იცოდა თუ არა მან, რომ „ენჯეოებს“ სტრასბურგში არ ჰქონდათ მოთხოვნილი დროებითი ღონისძიების სახით გამჭვირვალობის კანონის შეჩერება და თუ ეს იცოდა, რატომ გვიმალავდა ამას საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მოსახლეობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.