ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა, იქნება ოპოზიცია თუ ხელისუფლება, ანგარიშვალდებული უნდა იყოს თავის ხალხთან, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სალომე ზურაბიშვილის ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტზე საუბრისას.
მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა თანხებით დადიან ოპოზიციონერები საგარეო ვიზიტებში.
„ყველამ უნდა იცოდეს, რა თანხებით დადიან ჩვენი ოპოზიციონერები საგარეო ვიზიტებში. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება ჩვენს საზოგადოებას შესაძლებლობა, რომ შეაფასოს, რამდენად გულწრფელი არიან ისინი, რამდენად საქართველოს ინტერესებს ემსახურებიან, როდესაც ისინი ვიზიტებში დადიან“, – აღნიშნა სამხარაძემ.
სალომე ზურაბიშვილი დღეს ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაემგზავრა. იგი აღნიშნული ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების გამართვას გეგმავს.