პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, სერბეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან საქართველოს დელეგაციამ დეტალურად განიხილა პროცესი, რომელსაც სერბეთი გადის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
სამხარაძის თქმით, სერბმა კოლეგებმა საქართველოს დელეგაციას ინფორმაცია მიაწოდეს მათ შორის იმ უარყოფით გამოცდილებასა და პრობლემებზე, რომლებსაც ისინი აწყდებიან ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
„დავასრულეთ შეხვედრა სერბეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერსა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, კომიტეტის წევრებთან, სადაც საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ ის პროცესი, რომელსაც სერბეთი გადის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მოგეხსენებათ, სერბეთს უკვე გახსნილი აქვს მოლაპარაკებები და რამდენიმე კლასტერთან მიმართებაში უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს. ძირითადად, მოგვაწოდეს ინფორმაცია იმ ნაბიჯებზე, რომელიც მათ გადადგეს, მათ შორის, იმ პოზიტიურ გამოცდილებაზე, რომელიც მათ აქვთ და ასევე, იმ უარყოფით გამოცდილებასა და იმ პრობლემებზე, რომლებსაც ისინი აწყდებიან ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. სხვათა შორის, ძალიან ბევრი რამ გვენიშნა, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესს ჰგავს, მათ შორის, საკმაოდ საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ სერბეთს, მაგალითად, მართლმსაჯულების რეფორმაში სრულიად სხვა რეკომენდაცია ჰქონდა მიცემული, ვიდრე საქართველოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, რაც მართლაც საინტერესო იყო. ასევე, საუბარი გვქონდა ინტეგრაციის გზაზე ტერიტორიული მთლიანობის პრობლემატიკა როგორ აისახება და სერბმა მეგობრებმა გვითხრეს, რომ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი, ეს არის 35-ე თავი, რომელიც მოითხოვს, რომ სერბეთმა მოახდინოს თავისი ურთიერთობების ნორმალიზება კოსოვოსთან, რაც მათი გადმოსახედიდან პრინციპში წარმოუდგენელი ჩანს, რადგან კოსოვოს ის მიიჩნევს საკუთარ ტერიტორიად. ასევე, სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განვიხილეთ, მათ შორის, გამოცდილების გაზიარება მომავალშიც და სერბული მხარე არის ჩვენი ძალიან კარგი მხარდამჭერი, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს თანხვედრა. მათ შორის, ასევე განვიხილეთ იმავე სანქციების დაწესების საკითხიც, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესება, რომლის გამოც, ასევე სერბეთის ხელისუფლებაც ძალიან ხშირად არის გაკრიტიკებული და მათგანაც ზუსტად იგივე პასუხი მივიღეთ, რომ როდესაც ჩვენ ვითხოვდით, რომ რა კომპენსაცია შეიძლება, მოგვეცეს იმ შემთხვევაში, თუ დავუწესებთ რუსეთს სანქციებს, ევროკავშირის მხრიდან პასუხი ფაქტობრივად არ იყო. ანუ, დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა. იცით, რომ ჩვენგანაც ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, თუმცა კომპენსირების მიმართულებით არანაირი დაპირება არ იყო“, – განაცხადა სამხარაძემ.
მისივე თქმით, სერბეთის დელეგაცია საქართველოში ვიზიტით მოიწვია.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. მე ჩემი კოლეგა მოვიწვიე თბილისში ვიზიტით და იმედი გვაქვს, რომ წელს უკვე სერბული დელეგაცია ეწვევა თბილისს და იმ დროისთვის იმედი გვაქვს, რომ ჩვენც და სერბებსაც უფრო მეტი პროგრესი გვექნება ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა სამხარაძემ.