ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე კუკური ბარამიძეს (იგივე დომენიკ მანგო) დაუსწრებლად 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
განცხადების თანახმად, 30 წლის საქართველოს მოქალაქეს კუკური ბარამიძე დამნაშავედ სცნეს “შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად ყოფნისთვის”.
“სასამართლოში დადგინდა, რომ 2022 წლის მარტიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში ბარამიძე მონაწილეობას იღებდა შეიარაღებულ კონფლიქტში როგორც დაქირავებული მებრძოლი “ქართული ეროვნული ლეგიონის” შემადგენლობაში…
ბარამიძეს გადაეცა ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი, საბრძოლო მასალა, ეკიპირება და სპეციალური აღჭურვილობა, რის შემდეგაც მონაწილეობას იღებდა საბრძოლო ქმედებებში “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში.
მათი თქმით, ბარამიძემ ამისთვის “310 ათას რუსულ რუბლზე მეტი ოდენობის ჯილდო მიიღო”. ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს დაუსწრებლად 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.