“ვინ არიან „იმედის დილის“ ახალი წამყვანები და იხურება თუ არა შოუები”,-ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. სტატიის თანახმად, „იმედში“ ახალი გადაცემები გამოჩნდება, ძველი გადაცემების ნაწილი კი გადახალისდება და დაიხვეწება.
როგორც გამოცემას ჟურნალისტმა გოდერძი შარაშიამ განუცხადა, ორშაბათიდან „იმედის დილა“ განახლებული ფორმატითა და სტუდიით გავა ეთერში.
„მაყურებელს ბევრი სიახლე ელოდება. „იმედის დილა“ უფრო ინფორმაციული და ნიუსზე ორიენტირებული გახდება, თუმცა, რა თქმა უნდა, გართობაც იქნება. ჩვენ ყველა იმ განწყობას შევუქმნით მაყურებელს, რომელიც დილისთვის სჭირდება. იქნება სიახლეები რუბრიკებშიც. ერთი შემიძლია გაგიმხილოთ, რომ გადაცემას დაემატება რუბრიკა – „ერთი დღე ისტორიაში“,-აღნიშნა შარაშიამ.
გოდერძი შარაშიასთან ერთად, „იმედის დილას“ წაიყვანენ ოთარ ტატიშვილი და ნუცა ქავთარაძე. გადაცემას წამყვანების ორი ჯგუფი ეყოლება. გოდერძი შარაშია არ ამხელს, ვინ იქნებიან დანარჩენი წამყვანები. “პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, „იმედის დილაში“ გადადის გადაცემა „ბიზნესკონტაქტი“.
„მაესტროს“ პრესსამსახურის წარმომადგენლის, მერი კარტოზიას თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაცემა სრულად დაიხურება. მისი თქმით, „ბიზნესკონტაქტი“ რჩება „მაესტროზე“, თუმცა რაღაც ფორმით, შესაძლებელია, „იმედზეც“ ვიხილოთ. „იმედის დილის“ ფორმატში“, – აცხადებს კარტოზია.
„იმედზე“ იწყება ახალი გადაცემა – „მეგობრები“, რომელსაც ერთად წაიყვანენ: ვასიკო ოდიშვილი, დუტა სხირტლაძე, ცოტნე ცოტაშვილი და ოთარ ტატიშვილი. გადაცემა იუმორისტული ხასიათისაა, რომელიც სკეტჩებითა და მაყურებელთან ინტერაქტიული ნომრებით იქნება დატვირთული.
გარდა გასართობი სეგმენტისა, „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ცვლილებები პოლიტიკური მიმართულებითაც იგეგმება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეკა ხოფერია პოლიტიკურ ტოქშოუს გაუძღვება. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, გამოცემა ეკა ხოფერიას დაუკავშირდა, თუმცა მან „პრაიმტაიმის“ ზარებს არ უპასუხა. სავარაუდოა, რომ „იმედზე“ დაწყებული გადახალისება იმ ცვლილებების ნაწილია, რაც ახალ ჰოლდინგში (“იმედი”, “GDS”, “მაესტრო”) მიმდინარეობს.
რა ცვლილებები იგეგმება “იმედზე“- იხურება თუ არა შოუები?
2017/05/01 12:10:58
კომენტარები
ნანახია: 2084 ჯერ