საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის საქმეზე გადაწყვეტილებას, რომელსაც ბრალად ედება მუამარ კადაფისგან წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების მიღება, 25 სექტემბერს გამოაცხადებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
პროკურორები ამტკიცებენ, რომ სარკოზი და მისი თანაშემწეები 2005 წელს კადაფისთან შეთანხმდნენ ფრანგი პოლიტიკოსის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებაზე.
ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ, სარკოზი სავარაუდოდ დათანხმდა გამოეყენებინა თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილებები საფრანგეთის დიპლომატიური და ბიზნეს კავშირების გასაძლიერებლად ტრიპოლისთან, ასევე კადაფის სიძის, აბდულა სენუსის საქმის გადასახედად.
ბრალდება მოითხოვს სარკოზისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთას, 300 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდას და ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვას.