ეს კონსოლიდაციის, შერწყმის, ერთობის დღეც შეეცადნენ, რომ გაყოფის და დაქსაქსვის დღედ ექციათ, ამიტომაც, ბუნებრივია, ჩვენ ამ პროვოკაციას ვუპასუხეთ იმით, რომ მაქსიმალურად შევეცადეთ პროვოკაცია არ გადაზრდილიყო იმ შედეგში, რაც ამ უცხო ძალას სურდა, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა 9 აპრილის მემორიალთან მომხდარი ინციდენტის შესახებ, რა დროსაც რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებმა „ქართული ოცნების“ წევრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„დღეს არის ალბათ მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 1989 წლის 9 აპრილი ეს არის თარიღი, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, ამ სამსხვერპლოზე ათეულობით ქართველმა დადო თავი, გაწირა სიცოცხლე და ზუსტად 2 წლის შემდგომ ჩვენმა ქვეყანამ გამოაცხადა, აღადგინა დამოუკიდებლობა. აქედან გამომდინარე, ეს არის როგორც ძალიან დიდი ტკივილის, ამავდროულად დიდი სიხარულისა და სულიერი ამაღლების დღე.
ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს როგორ იყო გაერთიანებული ერი. ამ დიდმა უბედურებამ და შემდგომ უკვე უდიდესმა სიხარულმა, როგორ მოახდინა ერის კონსოლიდაცია და ჩემი ასაკის და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი დამეთანხმება, რომ ასეთი ერთად მდგომი, სიყვარულით გაჯერებული ქართველი ხალხი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ისტორიას შეიძლება არ ახსოვდეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს ამ უდიდესი თარიღის ფონზე ისეთი მოვლენები ვითარდება, რომლებიც ყოველგვარ ზღვარს სცდება.
„თუ 1989 წელს როდიონოვის საბჭოთა ჯარის ნაწილები ტანკებით, ნიჩბებითა და მომწამვლელი აირებით ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, დღეს უცხო ძალა აქ რაღაც ერთი მუჭა ხალხით ცდილობდა სიძულვილით, გინებით, ლანძღვით, ფურთხებით, ფაქტობრივად იგივე გაეკეთებინა და ეს არის კარგი მაგალითი, კარგი ლაკმუსის ქაღალდი იმისა, რომ ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის ჯერ კიდევ, რა თქმა უნდა, გრძელდება. ეს ბრძოლა არის მუდმივი და აშკარაა, რომ გარე ძალები კვლავაც ამ მეხუთე კოლონის მეშვეობით ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში საკუთარი მიზნების რეალიზებას“, – განაცხადა მათიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერთან შებრძოლება ქართველი ხალხის კონსოლიდაციით უნდა მოხდეს.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატის თქმით, ხელისუფლებას ისეთ ძალებთან უწევს გამკლავება, რომლებსაც არანაირი მორალური ღირებულება არ გააჩნიათ და შეუძლიათ ყველა შესაძლო მიზეზი საკუთარი ბინძური სურვილების აღსასრულებლად გამოიყენონ.
„ეს კონსოლიდაციის შერწყმის, ერთობის დღეც შეეცადნენ, რომ გაყოფის და დაქსაქსვის დღედ ექციათ, ამიტომაც, ბუნებრივია, ჩვენ ამ პროვოკაციას ვუპასუხეთ იმით, რომ მაქსიმალურად შევეცადეთ პროვოკაცია არ გადაზრდილიყო იმ შედეგში, რაც სურდა ამ უცხო ძალას, ამ ერთი მუჭა ადამიანების ხელით და სამების ტაძარში დავესწარით პარაკლისს, სადაც ჩვენი დედა ეკლესიის მიერ სწორედ იმ გმირი ქართველების სულის მოსახსენიებელი ლიტურგია შესრულდა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.