ნებისმიერი პირი, იქნება ეს გახარია თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, ვალდებულები არიან, გამოცხადდნენ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის წინაშე, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, არის კონკრეტული კითხვები, რომელსაც სვამს საგამოძიებო კომისია და გარკვეულ პირებს არ აქვთ პასუხები ამ კითხვებზე. აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ თავის არიდებას.
„საგამოძიებო კომისია შექმნილია პარლამენტის მიერ და შესაბამისად, ნებისმიერი პირი, იქნება ეს გახარია თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, ვალდებულები არიან, გამოცხადდნენ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის წინაშე. სხვა შემთხვევაში ნება სამართლებრივი ფორმები მიღებული. თუ რატომ არ ცხადდებიან, საზოგადოებისთვის ნათელია. არის კონკრეტული კითხვები, რომელსაც სვამს საგამოძიებო კომისია და მათ არ აქვთ პასუხები ამ კითხვებზე. აქედან გამომდინარე, ცდილობენ თავის არიდებას“, – განაცხადა ჭეიშვილმა.
პარლამენტში ხვალ დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება, რომელზეც დაბარებულია გიორგი გახარია. კომისიის წევრებს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან და ყოფილ პრემიერთან თანამდებობებზე ყოფნის დროს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. საუბარია მათ შორის 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.