ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის გენერალურმა დირექტორმა, მარგო პალოსონმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით რა შეთანხმებაც არ უნდა იყოს მიღწეული, ეს არ შეამცირებს ესტონეთის შიდა უსაფრთხოებისთვის საფრთხის დონეს.
მარგო პალოსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესტონეთის შიდა უსაფრთხოებისთვის მთავარი საფრთხე – რუსეთი – უცვლელი დარჩა.
„რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მეოთხე წელია გრძელდება. გარდა რუსული ჯარების აშკარა ფრონტისა უკრაინაში, ევროპაში მათი ფარული ფრონტიც მოქმედებს. 2024 წლის განმავლობაში ევროპაში ვიხილეთ ვანდალიზმის აქტები, საბოტაჟი და მათი განხორციელების მცდელობები, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელობით იყო ორგანიზებული“, – განაცხადა ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის გენერალურმა დირექტორმა.
მისი თქმით, უსაფრთხოების სფეროში მოვლენების შემდგომი განვითარება დამოკიდებულია იმაზე, დაიდება თუ არა სამშვიდობო შეთანხმება და რა ფორმით.
„ცხადია ერთი რამ: რა მშვიდობაც არ უნდა დადგეს, ეს არ შეამცირებს ესტონეთის შიდა უსაფრთხოებისთვის საფრთხეებს. თუ ომი დასრულდება, რუსეთს რესურსები გაუთავისუფლდება და სხვა მტრულ ქმედებებზე შეძლებს კონცენტრირებას“, – დასძინა მან.