აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2026 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტი შეიმუშავა და სახელმწიფო დეპარტამენტს ნატოსა და გაეროში საწევროს გადახდის შეჩერების თაობაზე წინადადებით მიმართა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
გამოცემას ხელში შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი დოკუმენტი ჩაუვარდა, რომლის თანახმადაც ტრამპის ადმინისტრაცია სახდეპის ბიუჯეტის თითქმის განახევრების იდეით გამოდის, რაც ჰუმანიტარული დახმარების, ჯანმრთელობის პროგრამებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსების შემცირების ხარჯზეა შესაძლებელი.
„დოკუმენტის თანახმად, გაეროს, ნატოს და კიდევ სხვა 20 ორგანიზაციის დაფინანსება უნდა შეჩერდეს, დარჩება მხოლოდ წერტილოვანი შენატანები ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია“, – აღნიშნულია სტატიაში.
გარდა ამისა, როგორც The Washington Post-ი წერს, ტრამპის ადმინისტრაციას საერთაშორისო სამშვიდობო მისიების დაფინანსების შეჩერებაც სურს.