საჭირო თუ გახდება, მივიღებთ დამატებით ისეთ კანონებს, რაც ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებს და სუვერენიტეტს აძლიერებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების დამტკიცებით ქვეყანაში გაუმჭვირვალობის გარეშე შავი ფულის შემოტანა და რევოლუციების მოწყობის მცდელობები აღარ მოხდება.
„კალასი და მსგავსი ტიპის ბიუროკრატები, რომლებიც ებრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ვერ შეძლებენ გაუმჭვირვალობის გარეშე ქვეყანაში შავი ფულის შემოტანას. შესაბამისად, ვერ მიმართავენ ამ ფულს სახელმწიფო გადატრიალებასა და რევოლუციაში. სწორედ ეს ფაქტი აწუხებთ.
კანონების მიღება, კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები – ეს ყველაფერი კეთდება ქვეყნის საკეთილდღეოდ, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, გავაძლიეროთ სუვერენიტეტი და ამ ტიპის ბიუროკრატებს არ მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები სათავისოდ გამოიყენონ. ჩვენი ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვის უფლებას არავის მივცემთ. საჭირო თუ იქნება დამატებითი კანონების მიღება, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს გაითვალისწინებს და სუვერენიტეტს გააძლიერებს, რა თქმა უნდა, მივიღებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, კაია კალასმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროებს სამოქალაქო სივრცეს“.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მხარი დაუჭირა.