ევროპაში თვითმფრინავების ბორტზე ამანათების აალებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის დაზვერვას ეკისრება. ამ შედეგით დასრულდა გერმანული მედიაკომპანიების მიერ ჩატარებული ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება, რომლის დეტალებსაც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ევროპულ სახელმწიფოებში სატვირთო თვითმფრინავების ბორტზე ხანძრის გაჩენის შემთხვევების გამოძიება ჩატარდა გერმანიაში, ხოლო ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
WDR-ის, NDR-ისა და Süddeutscher Zeitung-ის ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ევროპის უსაფრთხოების სამსახურები, რომლებიც ლაიფციგის, ვარშავისა და ბირმინგემის აეროპორტებში მომხდარ ინციდენტებს იძიებდნენ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამანათების აალება საერთაშორისო ოპერაციის ნაწილია, რომელშიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ათობით ადამიანი ჩართო.
ჟურნალისტური გამოძიების ავტორებმა შეძლეს და გამოავლინეს რამდენიმე ეჭვმიტანილი პირიც. მათ შორის არიან რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მაღალჩინოსნებიც. მედიის ცნობით, ერთ-ერთი ორგანიზატორი პოლკოვნიკი დენის სმოლიანინოვია, რომელიც ინტერნეტით ცდილობდა აგენტების გადაბირებას ევროკავშირის ტერიტორიაზე დივერსიების მოსაწყობად.
გამომძიებელი ჟურნალისტები აკვირდებოდნენ რამდენიმე საეჭვო ამანათს და შეძლეს ერთ-ერთ მათგანში არსებული ნივთიერების გამოკვლევა. ამანათში აღმოჩნდა ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც მაგნიუმის გამოყენებითაა შექმნილი. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ინციდენტების გამოძიების ფარგლებში გერმანიის აღმოსავლეთით მდებარე ერთ-ერთ დიდ ქალაქში სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს უკრაინის მოქალაქის ბინა.
გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ მას კონტაქტი ჰქონდა მამაკაცთან, რომელსაც ბრალი ედება ლიეტუვაში გაგზავნილ ამანათში ასაფეთქებელი ნივთიერების ჩადებაში, თუმცა თავად უკრაინელი მამაკაცისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.
გამოძიება ვარაუდობს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებების შემცველი ამანათების ოპერაციის ფარგლებში რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველო იყენებდა ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომელთაც ინტერნეტით უკავშირდებოდნენ და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ერთი შეხედვით, უწყინარი დავალებების შესრულებას სთავაზობდნენ.
ბერლინში რუსეთის საელჩოში მსგავს ბრალდებებს უარყოფენ და „პარანოიასა“ და „შეთქმულების თეორიებს“ უწოდებენ.