რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი ორდაში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მაცეი ვევერი ავრცელებს.
საგარეო უწყების სპიკერი რუსეთში პოლონეთის ელჩ კშიშტოფ კრაევსკიზე სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური თავდასხმის მცდელობის ფაქტებს ადასტურებს. ამასთან, მაცეი ვევერი აცხადებს, რომ ანდრეი ორდაშის პოლონეთის საგარეო უწყებაში დაბარება სამ მიზანს ემსახურება.
„პირველ რიგში ნოტა უნდა გადავცეთ, რომლითაც პოლონეთში, რუსეთის ბოლო საკონსულოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ჩვენს თანხმობას ვაუქმებთ. მეორე საკითხია კატინის სასაფლაოდან ბარელიეფების გადატანის გამო ჩვენი აღშფოთების გამოხატვა. ხოლო მესამე საკითხი 16 ნოემბერს მომხდარი ამბავია,“ – აღნიშნავს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.
ცნობისთვის, რუსეთში პოლონეთის ელჩს, კშიშტოფ კრაევსკის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მასზე ფიზიკური თავდასხმა სცადეს. ინციდენტი სანკტ-პეტერბურგში 16 ნოემბერს მოხდა. ელჩი რუსეთის ქალაქში ჩავიდა, რათა ადგილობრივ პოლონელებთან ერთად მონაწილეობა მიეღო პოლონეთის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში. დაახლოებით შუადღისას, როდესაც ელჩი კონსულის თანხლებით წმინდა ეკატერინეს ბაზილიკაში წირვაზე მიდიოდა, მას რუსი „აქტივისტების“ აგრესიული ჯგუფი შეხვდა, რომლებსაც ეჭირათ პლაკატები ანტიპოლონური და ანტიუკრაინული ლოზუნგებით.
