ევროკავშირმა 120 მლრდ-ით მეტი მისცა რუსეთს, ვიდრე უკრაინას და ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება რამეს?- განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შეფასებისას.
პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ მიუღებელია საქართველოს, რომლის ორი რეგიონი რუსეთს მიერ ოკუპირებულია, უკრაინის მიმართ არასაკმარისი მხარდაჭერის გამო უსაყვედურონ.
„დღეს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აფრიალა სქემა, არ ვიცი რატომ უხაროდა ამ სქემის ჩვენება. ევროკავშირი 2022 წლიდან მოყოლებული დღემდე უკრაინას დაეხმარა 180 მლრდ ევროთი, ამავე დროს 310 მლრდ ევროკავშირმა გადაუხადა რუსეთს, სხვადასხვა პროდუქტებში, ენერგომატარებლებში და ასე შემდეგ. ანუ 120 მლრდ-ით მეტი მისცა რუსეთს, ვიდრე უკრაინას და ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება რამეს? კაია კალასის მეუღლე ჩართული, რომ იყო რუსეთთან ვაჭრობაში, ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება რამეს? ლიტვა ჩვენ გვეუბნება რამეს? ჩვენზე მეტი ღვინო რომ შეაქვთ რუსეთში? ესენი საერთოდ რა მორალით გვესაუბრებიან ქვეყანას, რომლის ორი რეგიონი რუსეთს ოკუპირებული აქვს და ჩვენ გვეუბნებიან, რომ [უკრაინას] არასაკმარისად ვუჭერთ მხარს?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე, უკრაინელი მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს არ ეკუთვნის მორალის კითხვა იმ ქვეყნებისგან, რომლებიც არსებული ვითარებით სარგებლობენ.
„უკრაინის ხელისუფლების უმადურობაზე ვსაუბრობდი და დღეს ვნახე გაეროში ყველა წევრის მიმართ მადლობა ვინც მხარი დაუჭირა ერთ-ერთ რეზოლუციას, მათ შორის საქართველოც არის და ჩვენ გვეძახიან დე ფაქტო ხელისუფლებას, პრორუსს ხელისუფლებას, ჩვენს ხმებს ხო კარგად ირგებენ? მორალის კითხვა იმ ხალხისგან, რომლებიც ხელს ითბობენ ამ ყველაფრისგან ნამდვილად არ გვეკუთვნის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
