ერთია ადმინისტრაციის, პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნის ან გადაწყვეტილების მიმღები ხალხის პოზიცია და მეორეა კონგრესმენების პოზიცია, კონგრესმენები სიტყვებშიც და გადაწყვეტილებებშიც მეტად თავისუფლები არიან, ვიდრე ადამიანები, ვინც წარმოადგენენ ამერიკის ადმინისტრაციას, – განაცხადა „დღის ქრონიკაში” დიპლომატმა კოტე ჟღენტმა, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მხარდაჭერაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ურთიერთობის გადატვირთვას სჭირდება დრო და ეს ძალიან მალე ვერ მოხდება.
„არ მგონია, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ახლა ნეგატიური ფონი არის, მითუმეტეს იმ დელეგაციის ვიზიტის შემდგომ, რომელიც იმყოფებოდა აშშ-ში და საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდათ, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთანაც.
ერთია ადმინისტრაციის, პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნის ან გადაწყვეტილების მიმღები ხალხის პოზიცია და მეორეა კონგრესმენების პოზიცია. კონგრესმენები სიტყვებშიც და გადაწყვეტილებებშიც მეტად თავისუფლები არიან, ვიდრე ადამიანები, ვინც წარმოადგენენ ამერიკის ადმინისტრაციას და მერე მათ მოსთხოვენ პასუხს გატარებულ პოლიტიკაზე. მე მაინც მგონია, რომ რომც მივიდეს კანონპროექტი პრეზიდენტამდე, ჩემი აზრით, ის ამ კანონპროექტს ხელს არ მოაწერს. საერთოდ, ურთიერთობების გამოსწორებას, გადატვირთვას და ახალი ფურცლიდან დაწყებას სჭირდება დრო, ჩქარა ეს ყველაფერი არ გამოვა.
ქვეყნის სათავეში ახალი ადმინისტრაციის მოსვლიდან 100 დღე არის ხოლმე ე.წ. გამოსაცდელი ვადა ყველა საკითხში. ჩვენ კარგად ვიცით რამდენი მნიშვნელოვანი საკითხი დგას ახლანდელი ადმინისტრაციის წინაშე, დაწყებული ომიდან, დამთავრებული ახალი ტარიფების ომით და კიდევ ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობით, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოსთან. ამიტომ მგონია, რომ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ურთიერთობები აუცილებლად გამოსწორდება და სწორ ნიადაგზე დადგება“, – აღნიშნა ჟღენტმა.