„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ რიგით მეცხრე ყრილობაზე.
„მოგესალმებით,
მივესალმები საზოგადოებას, ჩვენი პარტიის 41 000-ზე მეტ წევრს და მილიონზე გაცილებით მეტ მხარდამჭერს.
მოგესალმებით ყრილობის დელეგატებს, პოლიტსაბჭოს წევრებს და განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმები ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.
როგორც მოგეხსენებათ, დღეს იმართება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მე-9 ყრილობა. დელეგატებმა, სამუშაო რეჟიმში უკვე გავიარეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის, მოვისმინეთ პოლიტიკური საბჭოსა და სარევიზიო კომისიის ანგარიშები, ავირჩიეთ სარევიზიო კომისიის წევრები, დავამტკიცეთ წესდებაში შესატანი ცვლილებები.
დღეს იმართება იმ პარტიის მე-9 ყრილობა, რომელმაც მისი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეძლო ეროვნული და გარე ძალებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების პრეცედენტის შექმნა, რაც თავის მხრივ, მშვიდობის, ქვეყნის განვითარების, გაერთიანების, მისი შემდგომი შეუქცევადი განვითარების ურყევი საფუძველია.
„ქართულმა ოცნებამ“, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხთან ერთად, მიაღწია ქვეყნის დამოუკიდებლობის იმ ხარისხს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამაყად ვთქვათ: დღეს, საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და ამავდროულად, ჩვენ პირველები ვართ ევროპაში ეკონომიკური განვითარების ტემპითაც.
კიდევ ერთხელ, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ერთ ოჯახად შეკრულ გუნდს, ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს საკუთარი სამშობლოსა და მისი განვითარებისთვის ბრძოლის ამ პრინციპულ გზაზე.
ახლა, შეგვიძლია გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხზე. ყრილობამ უნდა აირჩიოს, როგორც მოგეხსენებათ პარტიის თავმჯდომარე. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია ბატონი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.
ყრილობის გადაწყვეტილებით, ბატონი ირაკლი კობახიძე ერთხმად არჩეულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ. გილოცავთ, ბატონო ირაკლი, ღირსეულ ადამიანს, უღალატო თანამებრძოლს და მეგობარს, წარმატებას გისურვებთ ამ ურთულესი გამოწვევებით სავსე პოლიტიკურ საქმიანობაში!“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.