ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გავიდა.
ლონდონში გამართული შეხვედრა პარიზელებმა 1:0 მოიგეს და ამ წყვილში ფავორიტებად მიიჩნეიდნენ, მაგრამ საპასუხო შეხვედრა „არსენალმა“ აქტიურად დაიწყო, მომენტები ჰქონდა და გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ შანსებით ვერ ისარგებლა.
ფრანგების პირველი სახიფათო მომენტი ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა, რომელიც მცველებს გასცდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. 27-ე წუთზე ფაბიან რუისის შესანიშნავი გოლით პარიზელები დაწინაურდნენ.
ზუსტად ორ წუთში კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და სწრაფი კონტრშეტევისას ბრედლი ბარკოლა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ ფრანგმა თავდამსხმელმა დარტყმა დააგვიანა და საბოლოოდ, მეკარეს ვერ აჯობა.
პსჟ-ს 69 წუთზე შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ვიტინიამ პენალტი ვერ გამოიყენა. თუმცა, 72-ე წუთზე ფრანგებმა მაინც გაიტანეს – კვარაცხელაის წამოწყებული შეტევა აშრაფ ჰაკიმიმ დააგვირგვინა. „არსენალმა“ ბიკაიო საკას გოლით მალე (76) სხვაობა შეამცირა.
პსჟ-მ ორი მატჩის ჯამში მეტოქე 3:1 (1:0, 2:1) დაამარცხეს და არსებობის ისტორიაში მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (პირველად 2020 წელს „ბაიერნთან“ 0:1 დამარცხდა).
ფრანგები 31 მაისს, მიუნხენის „ალიანს არენაზე“, მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდებიან. ხვიჩა კვარაცხელია კი კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.