საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო და კერძო პირების კუთვნილი სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, 2015 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეში, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მიწის ნაკვეთების ყალბი მიღება – ჩაბარების აქტების საფუძველზე, თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის ზღვის მიმდებარედ, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 301 421 ლარის ღირებულის 3 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომლებიც შემდგომ სხვადასხვა პირზე ეტაპობრივად გაასხვისეს. ბრალდებულები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულ იქნენ საქართველოს სსკ – ის 180 – ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე – 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-გამოვლენის მიზნით.