ევროკავშირის ელჩის განცხადებიდან ვხედავთ, რომ არ იშურებენ ძალისხმევას, რათა ევროკავშირთან ურთიერთობები საქართველოს წინააღმდეგ ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროინტეგრაცია არა მხოლოდ საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური მიმართულებაა, არამედ ქვეყნის ისტორიული და ეროვნული სწრაფვაა ევროპული ოჯახის წევრობისკენ.
„ჰერჩინსკიმ ისიც თქვა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არც ამ საკითხზე იყო ერთსულოვნება. არც ეს საკითხი მიღებულა ერთხმად ევროკავშირის წევრების მხრიდან, რადგან წევრ ქვეყნებს შორის არის მოსაზრებები, არის ჯანსაღი აზრი, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად იფარება ცრუ ნარატივებით, საქართველოს იმიჯის და ინტერესების დამაზიანებელი პოზიციებით. თუმცა სიმართლეს ყოველთვის აქვს თავისი გზა. დარწმუნებული ვარ, სიმართლე ყოველთვის იპოვის თავის გზას, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ინსტიტუტებს შორის. თუმცა ევროკავშირის ელჩის განცხადებიდან კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ არ იშურებენ ძალისხმევას, რათა ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროკავშირთან ურთიერთობები საქართველოს წინააღმდეგ ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული.
ევროინტეგრაცია არა მხოლოდ საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური მიმართულებაა, რომელიც კონსტიტუციაშია ასახული, არამედ ეს არის ჩვენი ისტორიული და ეროვნული სწრაფვა ევროპული ოჯახის წევრობისკენ. საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი და სწორედ ერთ-ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომლებზეც დგას დღევანდელი, თანამედროვე ევროპა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაცია და ცრუ ნარატივები, რომლებსაც თავად ქმნიან და შემდგომ უკვე თავად ატრიალებენ საქართველოს წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში, კარგად ჩანს და კიდევ უფრო უკეთ გამოჩნდება, რომ არაფრის მომცემია, ტყუილზეა აგებული. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არაერთხელ დაუდასტურებია თავისი ერთგულება იმ ფასეულობებისა და პრინციპებისადმი, რაზეც დგას თანამედროვე ევროპა. არაერთხელ დაუდასტურებია, რომ საქართველო არის სწორედ ევროპის, სწორედ დასავლეთის ქვეყნების სანდო პარტნიორი რეგიონში. აქედან გამომდინარე, ამ ურთიერთობებს სჭირდება გაფრთხილება. ამ ურთიერთობებს მხოლოდ ჩვენ ვერ გავუფრთხილდებით, მეორე მხრიდანაც გვჭირდება იგივე დამოკიდებულება ვნახოთ, რა დამოკიდებულებაც გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.