ძალიან ბევრ შემთხვევაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დამარცხდა, როდესაც სარჩელები შევიდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლო არის განაჩენი კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“.
„ძალიან ბევრ შემთხვევაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დამარცხდა, როდესაც სარჩელები შევიდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით და არანაკლებ, ბევრჯერ დამარცხდა, როდესაც ისინი ჩიოდნენ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლომ ამხილა ისინი ყველა ამ შემთხვევაში. გახსოვთ, როგორი სარჩელები შედიოდა კონკრეტული ადამიანების დაპატიმრებებთან, ტელევიზიებთან დაკავშირებით და ა.შ. ყველა საქმეში სტრასბურგის სასამართლომ გაამტყუნა წინა ხელისუფლება და გაამართლა მოქმედი ხელისუფლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, პრემიერმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება საქმეზე „მაჭავარიანი საქართველოს წინააღმდეგ“ არის ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება.