ქართულმა დიპლომატიამ უნდა იმუშაოს იმ კუთხით, რომ ინფორმაციები იყოს სწორი და სწორი პოზიციები დაფიქსირდეს თეთრ სახლსა თუ სახელმწიფო დეპარტამენტში, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა შოთა თხელიძემ, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სიტყვას.
როგორც თხელიძემ აღნიშნა, რუბიოს პასუხიდან ჩანდა, რომ ის მზად არ იყო კითხვაზე პასუხის გასაცემად და მას არ ჰქონდა ინფორმაცია კავკასიის რეგიონის, კონკრეტულად საქართველოს შესახებ.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპის მთავარი პოლიტიკა არის ევროპული სცენის მიმართ პრიორიტეტების შემცირება.
„ტრამპის ადმინისტრაციის მიზანი არ არის ევროატლანტიკური სივრცის გამყარება, თანამეგობრობის გაძლიერება და ევროპის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ევროატლანტიკური სივრცე აღარ არის ისეთი მყარი მოცემულობა, რომელიც აქამდე იყო. ეს იმაზეც მიუთითებს, რომ თუ აშშ-ს ევროპაზე არ აქვს ისეთი გამძაფრებული ინტერესი, როგორიც ჰქონდა, ამ შემთხვევაში კავკასიაზეც მისი ინტერესი კლებულობს.
ჩვენ განვიხილებოდით ევროპასთან ერთად კონტექსტში, რომელიც იყო რუსული საფრთხის დამაბალანსებელი, შემაკავებელი სივრცე გეოპოლიტიკურ რეალიებში. მაგრამ გაცხადებული პოლიტიკაა რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა, ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენა აშშ-ის მხრიდან. თუმცა, საქართველოს აქვს ორი ძირითადი მნიშვნელობა ჯერ კიდევ აშშ-ისთვის ეს არის შუა დერეფნის პროექტით, სადაც შეიძლება ჩინური მხარე შემოვიდეს ამ რეგიონში და აქ შეიძლება, თეთრი სახლი დაინტერესდეს კავკასიის რეგიონით და ასევე, თუ პოტენციურად მოხდა ირანთან მიმართებაში ესკალაცია“, – განაცხადა შოთა თხელიძემ.