ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ასამბლეის გენერალურ მდივანს რუქსანდრა პოპას და მის მოადგილეს ჰენრიკ ბლიდალს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გივი მიქანაძემ განაცხადა, საქართველოს დელეგაციამ საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე.
„ის, რომ დღეს ქართული დელეგაცია აქ იმყოფება, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რაოდენ მოწადინებულია ქართული მხარე, რომ აქტიურად იყოს ჩართული საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში.
საქართველოს დელეგაციამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რისთვისაც გენერალურმა მდივანმა მადლიერება გამოხატა. ასევე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა ქართულ მხარეს აძლევს შესაძლებლობას ჰქონდეს არაერთი შეხვედრა ორმხრივ ფორმატში, სადაც კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენლებთან, დეპუტატებთან გვექნება საუბარი როგორც თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში შემდგომი ინტეგრაციის თაობაზე“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.