საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის ძირითადი მაჩვენებლებით მნიშვნელოვნად უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა და სხვა პარტნიორები. თუმცა, ჩვენ არაერთხელ აღმოვჩენილვართ მესამე პოზიციაზე ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებებში იმ გარემოების გამო, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ქვეყანაში არასტაბილურობა შექმნან, რათა ეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენონ, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა პორტუგალიის სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრ ხოსე მანულე ფერნანდესთან საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. აღსანიშნავია, რომ ჟოზე მანუელე ფერნანდესი 2009-2024 წლებში ევროპარლამენტის წევრი იყო.
დავით სონღულაშვილმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე და მის მნიშვნელობაზე.
„ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ თქვენ ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების თარიღად დაასახელეთ 2030 წელი, საქართველოს აქვს თავისი დღის წესრიგი; 2028 წლამდე ჩვენ გავაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, მათ შორის, კანონმდებლობის ჰარმონიზაციას. ჩვენი საგზაო რუკა მკაფიოა და მიზნად ისახავს მზადყოფნას 2030 წლისთვის. ამავდროულად, თუ ევროკავშირს გააჩნია საქართველოსთან კონკრეტული თანამშრომლობის ინტერესი, ჩვენ მზად ვართ ამისთვის დღესვე. მაგრამ, ჩვენთვის მიუღებელია, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესი გარკვეულმა ძალებმა შიდა არეულობის ორგანიზებისთვის გამოიყენონ“, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
დავით სონღულაშვილმა „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონი მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს – თუ რომელიმე ორგანიზაცია იღებს დაფინანსების გარკვეულ პროცენტს უცხოური წყაროებიდან, ის უნდა ასაჯაროებდეს დონორებს და თანხების ხარჯვასთან დაკავშირებულ დეტალებს. ეს ნორმა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ინტერესის დაცვას და პოლიტიკურ პროცესებში მეტი გამჭვირვალობის შემოტანას.
„კანონპროექტის შინაარსი ძალიან მარტივია: რა ღირებულება აქვს იმას, რასაც უცხოური დაფინანსებით აკეთებ? მიუხედავად ამ მარტივი პრინციპისა, ჩვენ საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებული წნეხის ქვეშ აღმოვჩნდით. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფლება, იცოდეს, ვინ და რატომ აფინანსებს კონკრეტულ პროცესებს ქვეყანაში. ამ ყველაფრის ფონზე, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ: მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა ჩანაწერი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტია ევროპული ინტეგრაცია. ეს არის ჩვენი სტრატეგიული არჩევანი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრულია კონსტიტუციით“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.