ევროპარლამენტის 60-მა წევრმა მოითხოვა, რომ ევროკომისია თვალსაჩინოდ იყოს წარმოდგენილი ბუდაპეშტის პრაიდზე, რომელიც ივნისში უნდა გაიმართოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EURACTIV-ი ავრცელებს.
ევროპარლამენტში ხუთი პოლიტიკური ჯგუფის კანონმდებლები ღრმა იმედგაცრუებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ოფისმა მოუწოდა თავის კომისრებს, არ დასწრებოდნენ ბუდაპეშტის პრაიდს.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ უარყო ეს ინფორმაცია, თუმცა ევროპარლამენტარები აგრძელებენ ზეწოლას ევროკომისიის პრეზიდენტზე.
ევროპარლამენტარები ადანაშაულებენ ევროკომისიას მოვალეობის შეუსრულებლობასა და სისუსტის, ასევე ევროპის LGBTQ თემის მიმართ სოლიდარობის ნაკლებობის გამოვლენაში.
ისინი სთხოვენ ფონ დერ ლაიენს, გადახედოს თავის პოზიციას და უზრუნველყოს, რომ ევროკომისია თვალსაჩინოდ იყოს წარმოდგენილი ბუდაპეშტის პრაიდზე.