ისრაელი ისტორიის გადამწყვეტ მომენტშია, ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „ლომთა ერი“.
მისი თქმით, რაც დღეს ხდება, ისრაელისა და ყველა ერის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც სიკეთის ბოროტებაზე ბრძოლა სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისთვის. „ჩვენი მამაცი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ოპერაციის მიზანია „ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, ირანის ბალისტიკური რაკეტების ქარხნებსა და ირანის სამხედრო შესაძლებლობებზე დარტყმა“.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ირანს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აქვს ისრაელისთვის ზიანის მისაყენებლად, რისთვისაც მომზადებულები არიან.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ირანმა ბოლო თვეებში უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა ბირთვული იარაღის შექმნისკენ.
„ამ ნაბიჯებმა ირანი მოკლე დროში ბირთვული იარაღის შექმნასთან უფრო ახლოს მიიყვანა. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ეს საფრთხეები მომავალ თაობას დავუტოვოთ. რადგან თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, სხვა თაობა აღარ იარსებებს. თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, უბრალოდ აქ აღარ ვიქნებით. ჩვენ ისტორიის გაკვეთილები გავითავისეთ. როდესაც მტერი ამბობს, რომ შენს განადგურებას აპირებს, დაუჯერე მას. როდესაც მტერი შენი განადგურების შესაძლებლობებს განავითარებს, შეაჩერე იგი“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის.
„დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა ნათლად, რომ ირანს არასდროს არ უნდა მიეცეს უფლება, ბირთვული იარაღი მოიპოვოს. მადლობას ვუხდი მას ჩვენი ქვეყნისადმი მუდმივი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.