ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ისრაელი ღრმად ინანებს ირანზე თავდასხმისას გამოჩენილ უგუნურ აგრესიას.
არაღჩიმ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრის გამართვისკენ მოუწოდა.
„გაეროს უშიშროების საბჭომ მკაცრად უნდა დაგმოს ეს აგრესიული ქმედება და მიიღოს სასწრაფო და კონკრეტული ზომები, რათა ისრაელის რეჟიმმა სრულად აგოს პასუხი თავისი დანაშაულებისთვის“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ირანზე თავდასხმა იყო „თავხედური და უკანონო ქმედება“, ასევე „უგუნური და მიზანმიმართული ესკალაცია, რომელმაც უხეშად დაარღვია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება და საერთაშორისო სამართლის უმთავრესი ნორმები“.
„ისრაელმა, მსოფლიოში ყველაზე ტერორისტულმა რეჟიმმა, ახლა უკვე ყოველგვარ წითელ ხაზს გადააბიჯა და საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ ეს დანაშაულები დაუსჯელი დარჩეს. ირანი ამ უკანონო და ლაჩრულ ქმედებებს გადამწყვეტად და პროპორციულად უპასუხებს. ირანის ისლამური რესპუბლიკა სრული სიმტკიცით იმოქმედებს თავისი სუვერენიტეტის, ხალხისა და ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად“, – დასძინა მან.