რომის პაპი, ლეო XIV ისრაელისა და ირანის ხელისუფლებებს „გონივრული“ მოქმედებისა და დიალოგისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შეკრებილ მრევლს პონტიფიკოსმა განუცხადა, რომ მოვლენებს „დიდი წუხილით აკვირდება“.
„ასეთ რთულ დროს მსურს დაჟინებით მოვუწოდო მათ [ისრაელსა და ირანს] პასუხისმგებლობისა და გონიერებისკენ“, – დასძინა რომის პაპმა.
„უფრო უსაფრთხო, ბირთვული საფრთხისგან თავისუფალი სამყაროს მშენებლობა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული შეხვედრებითა და გულწრფელი დიალოგით უნდა ხდებოდეს, რათა დაისადგუროს მდგრადმა მშვიდობამ, რომელიც სამართლიანობაზე, ძმობასა და საერთო კეთილდღეობაზე იქნება დაფუძნებული“, – თქვა ლეო XIV.
„არავინ არავის არსებობით არ უნდა ემუქრებოდეს“, – თქვა რომის პაპმა.
„ყველა ქვეყნის ვალია – მშვიდობის საქმის მხარდაჭერა, შერიგების გზების ინიციირებითა და იმ გადაწყვეტილებების წინ წაწევით, რომელიც უსაფრთხოებისა და ყველასთვის ღირსებით გარანტორი იქნება“.