ბატონი გიორგისგან ამოღებული იქნა კანონიერად შეძენილი შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი. ეს არ იყო უკანონოდ შეძენილი იარაღი. ბატონმა გიორგიმ ცალსახად თქვა, რომ ეს ექსცესი არ უკავშირდება რაიმე სახის პოლიტიკურ პროცესებს, – განუცხადა ჟურნალისტებს დაკავებული ბიზნესმენის გიორგი რამიშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.
„ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას და მოგვიანებით ბრალის დადგენილებას. ვვარაუდობ, რომ ეს იქნება ხვალ, ვინაიდან კანონით გათვალისწინებული ვადები ჯერ ამისთვის არსებობს. რაც შეეხება ბიზნესმენის პოზიციას, ამაზე თავს შევიკავებ იმის გათვალისწინებით, რომ ბატონ გიორგის ჯერ გამოძიებისთვის განმარტება არ მიუცია. რაც ბრალი ოფიციალურად წარედგინება, დააფიქსირებს პოზიციას. ბატონი გიორგისგან ამოღებული იქნა კანონიერად შეძენილი შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი. ეს არ იყო უკანონოდ შეძენილი იარაღი. ბატონმა გიორგიმ ცალსახად თქვა, რომ ეს ექსცესი არ უკავშირდება რაიმე სახის პოლიტიკურ პროცესებს“, – აღნიშნა ჭკადუამ.
გიორგი რამიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნებია ამოღებული. ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია რამიშვილის სახელზე, თუმცა არ ჰქონდა ტარების უფლება. მსგავსი შინაარსის წერილი გაავრცელა „სილქ როუდ“ ჯგუფმა.