ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება – ინფორმაციას ამის თაობაზე კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ავრცელებს.
“ვიწყებთ დიდ პროექტს – ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის მასშტაბურ რეაბილიტაციას. დაახლოებით 50 წელია, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში ძირეული ცვლილებები არ მომხდარა.
პროექტის ფარგლებში იგეგმება კულტურის სამინისტროს მიერ მუზეუმის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლება, გარე განათების მოწესრიგება, სამუზეუმო ექსპოზიციების შეცვლა და განახლება, ექსპონატების მოწესრიგება, რესტავრაცია/კონსერვაცია.
ამასთან ერთად, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამჟამად ახორციელებს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, მუზეუმის საგამოფენო დარბაზებსა და მემორიალურ სახლს შორის ხევისა და დამაკავშირებელი ხიდის სრულ რეაბილიტაციას.
რეაბილიტაციის შემდეგ ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციაც დაემატება.”