ვიზის საკითხებთან რაც არის დაკავშირებული, აბსოლუტურად ყველაფერს საქართველო აკეთებს 100%-ზე. ჩნდება შეკითხვა – რა შუაში არის კონკრეტულად ორი კანონი ვიზის საკითხთან. ორჯერ ორია, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია მხოლოდ ერთ რაღაცასთან, რომ მეტი აჟიოტაჟი შემოიტანონ საზოგადოებაში და ჟანგბადი მიაწოდონ ოპოზიციას, რომელსაც პულსი არ ესინჯება, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ევროკავშირის რეკომენდაციებზე საუბრისას.
მისი თქმით, როდესაც საუბარია ვიზალიბერალიზაციაზე, არსებობს კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები, რის შედეგადაც შეიძლება გადაიხედოს უვიზო მიმოსვლა.
„როდესაც ვიზალიბერალიზაციაზე ვსაუბრობთ, იქ არის კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი, რის შედეგადაც შეიძლება გადაიხედოს კონკრეტული ქვეყნის ვიზალიბერალიზაცია და მხოლოდ საქართველო არ ვსარგებლობთ. იქ ათობით ქვეყანაა, რომელიც ვიზალიბერალიზაციით სარგებლობს, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. იქ არალეგალური მიგრაცია, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, კორუფცია და ა.შ. ბევრი საკითხი არის და ჩვენ ამ ყველა საკითხში რა თქმა უნდა მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. იგზავნება შეჯამება წლის ბოლოს და შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეებში პარლამენტმა კანონებით ეს ყველაფერი გაამყარა. არალეგალური მიგრაციის კანონს შეგახსენებთ. ორგანიზებულ დანაშაულთან როგორი ბრძოლა მიმდინარეობს, ეს ყველამ კარგად იცის. ტერორიზმთან ბრძოლაში როგორი შეფასება გვაქვს მაგალითად აშშ-ს შესაბამისი უწყებებიდან, ეგეც კარგად ვიცით. ნარკოდანაშაულთან როგორი ბრძოლა არის გამოცხადებული და თუ არ ვცდები 40-მდე მსხვილი ნარკორეალიზატორი არის დაკავებული ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში. კორუფციასთან როგორი ბრძოლა არის გამოცხადებული და მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი, გახსოვთ, რომ მან დააანონსა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სულ რამდენიმე წელიწადში საქართველო შედიოდეს ტოპ სამ ქვეყანაში კორუფციის სიმცირის კუთხით. დღეს ვასწრებთ ევროკავშირის 7 თუ 8 ქვეყანას“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.