მარტივი მანიპულაციით შეეცადნენ, ხელისუფლებისთვის რუსული იარლიყი მიეწებებინათ. არც ცდილობენ, რაიმე კონკრეტული ფაქტი ან ქეისი წარმოადგინონ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, ამ იაფფასიანმა მცდელობამ ქართველ საზოგადოებაზე არ იმუშავა.
„საქართველოში, ქართველ ხალხს ოკუპანტის მიმართ უარყოფითი განწყობები აქვს. შესაბამისად, ქართველი ხალხი ძალიან მძიმედ რეაგირებს ყველაფერ იმაზე, რასაც რუსული ინტერესების გატარება ჰქვია. კონკრეტულმა ადამიანებმა მოიფიქრეს, რომ საქართველოში რაიმეს თუ მიაწებებ რუსულ იარლიყს, რა თქმა უნდა, ის მიუღებელი იქნება ქართველი ხალხისთვის. ამიტომ, ამ მარტივი მანიპულაციით შეეცადნენ, ხელისუფლებისთვის ეს იარლიყი მიეწებებინათ.
არც ცდილობენ, წარმოადგინონ რაიმე კონკრეტული ფაქტი ან ქეისი, სად და როდის გაატარა ხელისუფლებამ რუსული ინტერესები. მათთვის მთავარია, იარლიყი მიაწებონ და შემდეგ მათივე კონტროლირებადმა მედიებმა და „ენჯეოებმა“ ეს იარლიყი აიტაცონ. მათი მცდელობა საკმაოდ იაფფასიანია, რადგან როგორც ხედავთ, ამან ქართულ საზოგადოებაზე არ იმუშავა და მხოლოდ მარგინალების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ჰყავს. საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ამ ხელისუფლებას აძლევს ხმას“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.