საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უსაფრთხოების მიმართულებით ძალიან ღირებული და სანდო პარტნიორია, – განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა, 1-91 კავალერიის ესკადრონის მეთაურმა ოსტინ ქომონსმა Agile Spirit 2025-ის ფარგლებში, საქართველოში სამეთაურო-საშტაბო და საველე წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მოხარულები არიან, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და ქართველ სამხედროებთან ერთად სწავლებას გადიან.
„დიდი პარტნიორობა და მეგობრობა გვაკავშირებს. უსაფრთხოების კუთხით ჩვენ უკვე დიდი ხანია პარტნიორობა გვაქვს. რამდენიმე წლის წინ ჩვენ ერთად გავდიოდით წვრთნებს და ერთად ვიბრძოდით ერაყსა და ავღანეთში. ასე რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უსაფრთხოების მიმართულებით ძალიან ღირებული და სანდო პარტნიორია“, – აღნიშნა მან.
საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2025 სამეთაურო-საშტაბო და საველე კომპონენტებს მოიცავს. წვრთნები კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ჩატარდა.