დონალდ ტრამპის მიერ, საარჩევნო კამპანიის დროს გაჟღერებული დაპირებები პოზიტიურ მოლოდინებს აჩენდა არა მარტო ამერიკის შიგნით, არამედ მთელ მსოფლიოში და მათ შორის ქართველ ხალხში.
სამწუხაროდ ბევრი მიმართულებით, მყვირალა განცხადებების მიღმა არანაირი კონკრეტული შედეგი არ დამდგარა და არ გვინახავს შინაარსობრივი ცვლილებები, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, იმისათვის, რომ არ გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები, კარგი იქნება უახლეს ისტორიას გადავავლოთ თვალი, როგორი იყო აშშ-ის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ ილუზიებიდან უნდა გამოვიდეთ, საქართველოს არაფერი აქვს დასამტკიცებელი ან გამოსასწორებელი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაჯანსაღების გასაღები კი აშშ-ის და მისი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშია.
„დონალდ ტრამპის მიერ, საარჩევნო კამპანიის დროს გაჟღერებული დაპირებები პოზიტიურ მოლოდინებს აჩენდა არა მარტო ამერიკის შიგნით, არამედ მთელ მსოფლიოში და მათ შორის ქართველ ხალხში.
სამწუხაროდ ბევრი მიმართულებით, მყვირალა განცხადებების მიღმა არანაირი კონკრეტული შედეგი არ დამდგარა და არ გვინახავს შინაარსობრივი ცვლილებები. ერთ დღეს, ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის ომი არ არის მისი ომი და ამბობს, რომ ეს ბაიდენის დანაშაულებრივი მემკვიდრეობაა, ხოლო მეორე დღეს, უკრაინის ომს მომგებიან ბიზნესს უწოდებს და იქ იარაღის გაგზავნას აგრძელებს. მარკო რუბიო და მთლიანად ტრამპის გუნდი აღიარებს, რომ ეს პროქსი ომია ამერიკასა და რუსეთს შორის და ამ აღიარების პარალელურად არ ჩერდება პროქსი ქვეყნის – უკრაინის განადგურების პროცესი. ასევე არ იცვლება სხვა სახელმწიფოების პროქსად გადაქცევის მიზანი, რამაც განაპირობა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუარესება.
ბაიდენის ადმინისტრაცია, ვიქტორია ნულანდი(რომლის კადრიც, ალან პარსელი ამჟამად ასრულებს საქართველოში ელჩის მოვალეობას) და სხვა ე.წ. warmonger-ები საქართველოს ომში ჩართვას ცდილობდნენ, ჯერ მოქმედ ხელისუფლებაზე ზეწოლით, მკაფიო უარის მიღების შემდეგ კი, რევოლუციური სცენარების ამოქმედებით.
დავუშვათ, რომ ტრამპს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღების დაჟინებული ამბიციის მიღმა, მართლაც სურს უკრაინის ომის დასრულება და ამაში ხელს მხოლოდ პუტინი უშლის, მაგრამ ვინ უშლის ხელს იმაში, რომ გაუქმდეს საქართველოს პროქსი სახელმწიფოდ გამოყენების პროექტი? ეს გადაწყვეტილება ხომ მხოლოდ მის ხელშია, განსხვავებით მიმდინარე ომისა, სადაც უკეთეს პოზიციაზე მყოფი, მეორე მხარის პირობებიც გასათვალისწინებელია.
თუ ტრამპი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით, მას შეეძლო ისევე ეიძულებინა საკუთარი ვასალი ევროკავშირი შეეწყვიტა ჩვენი ქვეყნის შანტაჟი და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, როგორც აიძულა კაბალური, ევროკავშირისთვის საზიანო სავაჭრო შეთანხმების გაფორმება.
მაგრამ პროცესების განვითარება საპირისპიროს აჩვენებს და იმისათვის რომ არ გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები, კარგი იქნება უახლეს ისტორიას გადავავლოთ თვალი, როგორი იყო აშშ-ის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ…
30 წლის განმავლობაში ამერიკის მხრიდან, „სტრატეგიული პარტნიორობა,“ საქართველოში სასურველი, მორჩილი ხელისუფლების მოყვანა/შენარჩუნებისთვის დახარჯულ მილიარდებში გამოიხატებოდა და სხვა არაფერში. ტყუილი და უდიდესი ფარსია, რომ ოდესმე ამერიკის რომელიმე ადმინისტრაციას ადარდებს ჩვენი ქვეყნის ბედი ან ჩვენი ხალხის კეთილდღეობა. საქართველოს ყოველთვის უყურებდნენ, როგორც ინსტრუმენტს რუსეთის წინააღმდეგ და იმისათვის, რომ ეს მიზანი ადვილად მიღწევადი ყოფილიყო, აფინანსებდნენ – განათლების სისტემის დეგრადირების პროცესს; ანტი-მართლმადიდებლურ კამპანიებს; ქართული ცნობიერების მოშლას; ოჯახის ინსტიტუტის დანგრევას; სახელმწიფო ინსტიტუტების ძირგამომთხრელ საქმიანობას; აღვივებდნენ კონფლიქტებს; აწყობდნენ გადატრიალებებს, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მოჰყავდათ აგენტები, რომლებმაც 2008 წელს ქვეყანა რუსეთთან ომში გახვიეს… მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უწევდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პირობებში ტანჯვა და ყველა ფუნდამენტური უფლების გარეშე ცხოვრება, მაშინ როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა დახმარება, სისხლიან რეჟიმს „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდნენ… ახლა კი, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ქართველმა ხალხმა შეუპოვარი ბრძოლის შედეგად ნაც-მოძრაობა ჩამოაშორა ხელისუფლებას, 13 წლის შემდეგაც ცდილობენ ჯოჯოხეთურ წარსულში დაგვაბრუნონ და კვლავ კოლექტიური ნაც-მოძრაობა ანუ აგენტურული ქსელი მოიყვანონ ქვეყნის სათავეში.
ასეთია რეალობა და მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლებას არ გვაძლევენ, ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი!
საკმაოდ ბევრი მწარე გაკვეთილი მივიღეთ, იმისთვის, რომ ილუზიებიდან გამოვიდეთ. საქართველოს არაფერი აქვს დასამტკიცებელი ან გამოსასწორებელი, ურთიერთობის გაჯანსაღება თუ მართლაც არის აშშ-ის და ტრამპის ინტერესი, გასაღები მათ ხელშია“, – წერს ვატო შაქარიშვილი.