საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს. კონკრეტული კონგრესმენების განცხადებები ტყუილზეა დაფუძნებული და ცილისწამებას შეიცავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძეს კითხვა დაუსვეს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ მოსმენასთან დაკავშირებით, სადაც მოწმეებად მიწვეული არიან სალომე ზურაბიშვილი, თინათინ ხიდაშელი და ლუკ კოფი, ასევე ჰელსინკის კომისიის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ნათქვამია: „საქართველო ერთ დროს აშშ-ის ძირითადი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო. დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობას აღრმავებს“.
„მთელმა საქართველომ იცის, ვინ არის აგენტურა, რას წარმოადგენენ, ვის ებრძვიან. ჩინეთთან ურთიერთობას რაც შეეხება, ამ ქვეყანასთან სტრატეგიული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიოს სხვა ქვეყნები მიისწრაფვიან, რომ ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია იმ შესაძლებლობების გამოყენება, რაც ჩინეთს აქვს. საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს, უფრო დაახლოვდეს ჩვენი ეკონომიკა. კონკრეტული კონგრესმენების განცხადებები ტყუილზეა დაფუძნებული, შეიცავს ცილისწამებას. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმაც გამოაქვეყნა წერილი, სადაც ჩანს, რა არის ჩვენი სულისკვეთება და მთავარი მიზანი – ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.