ზურაბიშვილი არის მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატი, უცხოელებს ჰყავთ ხელფასზე, ამაზე მეტი აგენტობა რა გინდა? თინა ხიდაშელი კი ტაივანის სეპარატისტული რეჟიმის დაფინანსების ქვეშ მყოფი ადამიანია, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მან გააკეთა კომენტარი ჰელსინკის კომისიაზე საქართველოს შესახებ ჩანიშნული მოსმენის შესახებ, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი დაესწრებიან.
„ერთი ნაწილი ირონიით რომ ვთქვათ – სალომე ზურაბიშვილი თავს თვლის მოქმედ პრეზიდენტად და რა გამოდის: ის ჩადის უცხო ქვეყანაში ოთხ დეპუტატთან შესახვედრად იმისთვის, რათა მათ აუხსნას ის, რომ საქართველო საკუთარი ინტერესებით რომ მოქმედებს რამდენად ცუდია. ანუ, ის მიდის იქ როგორც მოწმე, რომ დაუმტკიცოს ზოგიერთ ამერიკელ სენატორს თუ კონგრესმენს, როგორი ცუდია, რომ მისი ქვეყანა (რომლის პრეზიდენტიც მის ზღაპრულ წარმოდგენებში ის არის) უცხო ქვეყნის ინტერესებით არ მოქმედებს და მოქმედებს თავისი ინტერესებით. ახლა სერიოზულად: სალომე ზურაბიშვილი არის მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატი, უცხოელებს ჰყავთ ხელფასზე, ამაზე მეტი აგენტობა რა გინდა? თინა ხიდაშელი კი ტაივანის სეპარატისტული რეჟიმის დაფინანსების ქვეშ მყოფი ადამიანია, რომელსაც ფულს უხდიან, რომ ანტიჩინური განწყობები გააღვივოს. ორი ადამიანი, რომელიც ჩადის ღია ეთერში სამშობლოს ღალატის ჩასადენად“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.