მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციასა და ამ პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, გასული 8 წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით, უდიდესი მასშტაბის სამუშაოები ჩატარდა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც ამბიციური პროექტებია დაგეგმილი.
„თბილისის განვითარების ფონდი ეს არის სამსახური, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ძველი თბილისის იაერსახის შენარჩუნებას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების რეაბილიტაცია-რესტავრაციას. ამ სამსახურის მიერ გასული 8 წლის განმავლობაში უდიდესი მასშტაბის სამუშაოები ჩატარდა დედაქალაქში და გვაქვს ამბიციური გეგმები, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც მასშტაბური პროექტები განვახორციელოთ.
პირველი ეს არის ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია. რამდენიმე წლის წინ წარმატებით დავასრულეთ რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, ახლა მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება და ამით ნარიყალას ციხესიმაგრის რეაბილიტაციას დავასრულებთ“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მისი თქმით, განახლდება ბარათაშვილის ქუჩაზე არსებული გალავანი და მიმდებარე შენობა-ნაგებობები სრული რეაბილიტაცია ჩატარდება.
„ეს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია ჩვენი ქალაქისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რამდენიმე ოჯახთან მიღწეულია შეთანხმება და როდესაც სრულად გვექნება თანხმობა, აღნიშნული პროექტის განხორციელებასაც დავიწყებთ“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.
ირაკლი ბენდელიანის თქმით, დაგეგმილია რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობების ფასადების განახლება.
„პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია, ხოლო შემდეგ დავიწყებთ მიმდებარედ არსებული შენობების რეაბილიტაციას, მხატვრული მინათების გათვალისწინებით. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ქორწინების სასახლის განახლებაც. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ნარიყალას, სიონისა და მამადავითის ტაძრების გადახურვით სამუშაოებს. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭადრაკის სასახლეს და ალპურ კლუბს“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
ამასთანავე, თბილისის მერის მოადგილემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, რაც მოიცავს როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ასევე შენობების რეაბილიტაციას.
„რაც შეეხება ყავლაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს, რამდენიმე მისამართი უკვე რეაბილიტირებულია, პროცესი გაგრძელდება და შედეგად ერთი განახლებული ე.წ. კვარტალი შეემატება ჩვენს დედაქალაქს.
ერთ-ერთი გამორჩერული და ისტორიული ქუჩა ჩვენი დედაქალაქისთვის არის, ასევე, კოტე აფხაზის ქუჩა. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ კვლევით სამუშაოებს და დაგეგმილია როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ასევე შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.
მისი თქმით, სრულად განახლდება გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ არსებული აბესაძის ქუჩაც, რომელიც დედაქალაქის კიდევ ერთ-ერთი გამორჩეული ქუჩაა.